Tuesday, February 8, 2011

ადამიანის უფლებები

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 35
ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მუხლი 26
ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იძოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო8. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი- ერთნაირად მისაწვდომი ძყელასათვის თითოეულის უნარისამებრ.
განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
მშობლებს აქვთ პრიორიტეტის, უფლება აირჩიონ რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი
მუხლი 13
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას - განათლებაზე. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ უნდა იყოს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრული განვითარებისაკენ და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. ისინი თანახმანი არიან, რომ განათლებამ ყველას მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობა სა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაკებს მშვიდობის შესანარჩუნებლად.
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ამ უფლების სრულად განხორციელებისათვის:
ა) დაწყებითი განათლება ყველასათვის უნდა იყოს სავალდებულო და უფასო;
ბ) საშუალო განათლება და მისი სხვადასხვა ფორმა, პროფესიულ-ტექნიკური საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი ყველა საჭირო ზომის მიღებისა და კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობითი შემოღების გზით;
გ) შეძლებისდაგვარად უნდა ხდებოდეს ელემენტალური განათლების წახალისება და ინტენსიფიკაცია იმათთვის, ვისაც არ გაუვლია ან არ დაუმთავრებია დაწყებითი განათლების სრული კურსი;
დ) აქტიურად უნდა ხორციელდებოდეს ყველა საფეხურის სკოლების ქსელის განვითარება, უნდა დაწესდეს სტიპენდიების დამაკმაყოფილებელი სისტემა და განუწყვეტლივ უნდა უმჯობესდებოდეს მასწავლებელთა პერსონალის მატერიალური პირობები.
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობლებისა და, ესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, თავიანთი ბავშვებისათვის აირჩიონ არამარტო სახელმწიფო ხელისუფალთა მიერ დაარსებული სკოლები, არამედ სხვა სკოლები, რომლებიც შეესაბამება განათლების მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს ან დაადგინოს სახელმწიფომ და უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაფერისად.
ამ მუხლის არცერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება, შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ უცვლელი პირობით, რომ დაიცვან ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ პრიციპებს და მოთხოვნებს, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნათა მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
დამატებითი ოქმი №1
მუხლი 2
განათლების უფლება
არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.
განათლების უფლება სოციალურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და აღიარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით (35-ე მუხლი) ასევე საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.). ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.
განათლების უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას სრულად მოახდინოს საკუთარი პიროვნების განვითარება და შეიძინოს ის ცოდნა (უნარ-ჩვევები), რომელიც მისი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის იქნება აუცილებელი. განათლების უფლება გარკვეული სახის უფლებრივი კომპონენტების ერთობლიობას მოიცავს, რომელთაც განეკუთვნება:
განათლების საყოველთაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყოველვარი დისკრიმინაციის გარეშე; საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება ანუ მშობლისა და შვილების მიერ განათლების ნებისმიერი ფორმის არჩევის შესაძლებლობა (ეს არ გულისხმობს სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას);
სახელმწიფო სასწავლებლებში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების უფასოდ მიღების უფლება; განათლების უფლება ასევე მოიცავს კერძო სასწავლო დაწესებულებებისა და მათი საგანმანათლებლო საქმიანობის თავისუფლებას.განათლების საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, რომელთა განათლების უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებს და ინკლუზიური სწავლების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლში გარანტირებულია მშობელთა შეხედულებების პატივისცემა საკუთარი შვილების სწავლებასთან მიმართებაში, ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით ეკისრებათ მშობლებს ამდენად სახელმწიფოც ვალდებულია პატივი სცეს და გაითვალისწინოს მშობელთა რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა ბავშვთა აღზრდა-განათლების სფეროში. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მასალის ისეთი ფორმით მიწოდება, რომელიც წინაააღმდეგობაში არ მოვა მშობელთა შეხედულებებთან და ინტერესებთან.

საქართველოს განათლების სისტემა წარმოადგენს ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და აკადემიური უმაღლესი განათლების ურთიერთკავშირს. ზოგადი განათლება არის ისეთი სახის ,,განათლება რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვი’’ (საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ’’. მე-2 მუხლი). საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი), დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. მთლიანობაში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა სკოლა ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.

პროფესიული განათლება არის ,,სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება’’ (საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’, მე-4 მუხლი). პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა – მხოლოდ სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ პროფესიული საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ანუ პროფესიული სწავლების ცენტრები.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ეს არის ,,სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით’’ (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’. მე-2 მუხლი). საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება 3 საფეხურისგან: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა). საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი. კოლეჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას. სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას. ხოლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს; საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო სამართლის (სახელმწიფო) ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედებს ნეიტრალურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასწავლო პროცესის პოლიტიზება ან მისი რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება დაუშვებელია.
რა არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია?
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომლის ხელმოწერა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ. კონვენციაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სასამართლო და განსაზღვრულია მისი მუშაობის მექანიზმი, ჩამოთვლილია ის უფლებები და გარანტიები, რომელთა პატივისცემის ვალდებულება იკისრეს ხელმომწერმა სახელმწიფოებმა.
როდის შეუერთდა საქართველო ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა ევროპულ კონვენციას და მის დამატებით ოქმებს?
ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. 1999 წლის 20 მაისს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და ის ძალაში შევიდა.
I დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს;
IV დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 13 აპრილს;
VI დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 მაისს;
VII დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივლისს;
XII დამატებითი ოქმი 2005 წლის 1 აპრილს;
XIII დამატებითი ოქმი 2003 წლის 1 სექტემბერს;
რა უფლებებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები?
1950 წლის კონვენცია იცავს
სიცოცხლის უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას (მე-5 მუხლი);
სისხლის და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას (მე-8 მუხლი);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას (მე-9 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისულებას (მე-11 მუხლი);
ქორწინების უფლებას (მე-12 მუხლი);
სამართლიანი დაცვის ეფექტიანი დაცვის უფლებას (მე-13 მუხლი);
პირველი დამატებითი ოქმი იცავს :
საკუთრების დაცვის უფლებას ( I მუხლი);
განათლების უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფალი არჩევნების უფლებას (მე-3 მუხლი);
მე- 4 დამატებითი ოქმი იცავს :
მიმოსვლის თავისუფლებას (მე-2 მუხლი);
მე-7 დამატებითი ოქმი იცავს :
უცხოელთა გაძევებასთან დკავშირებული პროცედურული გარანტიების უფლებას ( I მუხლი);
სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებას (მე-2 მუხლი);
კომპენსაციის უფლებას მცდარი მსჯავრდებისათვის (მე-3 მუხლი);
მეუღლეთა თანასწორობის უფლებას (მე-5 მუხლი);
1950 წლის კონვენცია კრძალავს
წამებას და არადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს (მე-3 მუხლი);
ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას (მე-5 მუხლი);
სასჯელს კანონის გარეშე (მე-7 მუხლი);
დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას (მე-14
მუხლი);
მე-4 დამატებითი ოქმი კრძალავს
სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გამოსახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას (მე-3 მუხლი);
უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას (მე-4 მუხლი);
მე-6 დამატებითი ოქმი კრძალავს
სიკვდილით დასჯას ( I მუხლი)
მე-7 დამატებითი ოქმი კრძალავს
ხელმეორედ გასამართლებას ან დასჯას (მე-4 მუხლი);
მე-12 დამატებითი ოქმი კრძალავს
ზოგად დისკრიმინაციას ( I მუხლი);
მე-13 დამატებითი ოქმი კრძალავს
ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯას (I მუხლი);

No comments: